გენდერის სქემა

გენდერის სქემა
ზოგადი ცოდნის ასოციაციების ქსელი, რომელსაც ინდივიდი იყენებს გაგებისა და აზროვნების პროცესში. ამ თეორიის მიხედვით, გენდერის სქემის შესწავლა იწყება ადრეულ ბავშვობაში. სქემა ეხმარება ადამიანს გახდეს გენდერულად ტიპირებული.გენდერული სქემის თეორიის მიხედვით, გენდერული ტიპირება არის სამყაროს შესახებ ინფორმაციის გენდერული ტერმინებით გადამუშავების მზადყოფნა. ასე, რომ გენდერულად ძლიერად და სუსტად ტიპირებულ ადამიანებს შორის ის განსხვავებაა, რომ მათ აქვთ შესაბამისად მეტად ან ნაკლებად განვითარებული გენდერული სქემა. გენდერულად ძლიერად ტიპირებულ ადამიანებს აქვთ მზადყოფნა სამყაროს შესახებ ცოდნა გენდერული სქემის მიხედვით გადაამუშაონ. ბემის სიტყვებით, მათ გენდერული ლინზები უკეთიათ. გენდერულად სუსტად ტიპირებული ადამიანები კი ინფორმაციის გადამუშავებისას უფრო მეტად სხვა სქემებს ეყრდნობიან. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანების უმრავლესობას აქვს მდიდარი და მრავალფეროვანი გენდერული სქემები. გენდერულ სქემასთან დაკავშირებულია ისეთი კონცეფციებიც, რომლებიც შეიძლება მეტაფორულად უკავშირდებოდეს გენდერს (ისეთები, როგორიცაა, ფერების გენდერული აღქმა, მთვარის ამ მზის გენდერული გააზრება და სხვ.).გენდერული როლის ტრანსცენდენციის სტადიების თეორიისგან განსხვავებით გენდერული სქემის თეორია არ აღიარებს გენდერული ტიპირების მაღალ ხარისხს მომწიფების განუყოფელ ნაწილად. ამ თეორიის მიხედვით, ბავშვები უფრო გენდერულად ტიპირებულნი ხდებიან, რადგან უფროსები ასწავლიან მათ სამყაროს სქესის მიხედვით დაყოფას. სახლში, გოგონებს ეძახიან „ლამაზს“ და აქედან გამომდინარე, ბავშვებში სილამაზის ცნება ქალებთანაა დაკავშირებული. სკოლაში, ხშირად ბიჭები ერთ რიგში არიან გამწკრივებულნი, გოგონები კი – მეორეში. ამ თეორიის მიხედვით, უფროსების მხრიდან ასეთი ქცევა იწვევს გენდერული სქემის განვითარებას ბავშვებში. სოციალიზაციის მნიშვნელობა ხაზგასმულია გენდერული სქემის თეორიაში იმ დებულებითაც, რომლის მიხედვითაც, ბავშვების აღზრდა შესაძლებელია ისე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ გენდერული სქემა და თავიდან ავიცილოთ გენდერული სტერეოტიპული აზროვნება.სქემა შეხედულებების კომპლექსია, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის ორგანიზებისთვის, ახალი ინფორმაციის ფილტრაციისთვის და კოგნიტური მოღვაწეობის მიმართულების მიცემისთვის. გენდერული სქემის თეორია ვარაუდობს, რომ გენდერული პრიორიტეტი კონკრეტული კულტურის საზღვრებში ინფორმაციის ორგანიზაციის საფუძველია.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»